ელისო ბოლქვაძე
ელისო ბოლქვაძე დაიბადა საქართველოში. ლიტერატორების ოჯახში. 7 წლის ასაკში გამართა პირველი კონცერტი სიმფონიურ ორკესტრთან ერთად რასაც მალე მრავალ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვება და აღიარება მოჰყვა. ელისო ბოლქვაძე სწავლობდა თბილისის ნიჭიერთა ათწლედში, პედაგოგ მაია წულუკიძესთან, შემდეგ კი თბილისის კონსერვატორიაში - პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის ხელმძღვანელობით.
პიანისტის შემოქმედების ბოლო წლები ავსტრიასა და საფრანგეთში უკავშირდება ცნობილ მუსიკოსს და პედაგოგს - მიშელ სონის, რომელთანაც ელისო ასევე თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდ „SOS Talents“-ის პროექტში.
ელისო ბოლქვაძე არის მრავალი ცნობილი პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
პიანისტი კონცერტებს მართავს მსოფლიოს პრესტიჟულ დარბაზებში - ევროპას, ამერიკასა და რუსეთში.
იგი თანამშრომლობს გამოჩენილ დირიჟორებთან. ხშირად იწვევენ სიმფონიური სეზონების გასახსნელად საზღვარგარეთ და ასევე საერთაშორისო ფესტივალებზე.
მისი ყოველი გამოჩენა სცენაზე იწვევს მუსიკალური კრიტიკოსებისა და მელომანების უდიდეს ინტერესს.
ელისო ბოლქვაძე არის ერთადერთი ქართველი პიანისტი, რომლის კონცერტები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეგულარულად გადაიცემა ცნობილ ფრანგულ მუსიკალურ არხ Mezzo-ზე, რამაც პიანისტს დიდი საერთაშორისო პოპულარობა მოუტანა.
მას ჩაწერილი აქვს მრავალი კომპაქტ დისკი სხვადასხვა კომპანიებთან, რომელიც კრიტიკოსების აღფრთოვანებით სარგებლობს. აღნიშნავენ მის უნიკალურ ბგერას, უმაღლესი ხარისხის ტექნიკას და მაღალ გემოვნებას.
ახლახან ელისო ბოლქვაძემ დააარსა საქველმოქმედო ფონდი „ლირა“, რაც მიზნად ისახავს ქართველი, ნორჩი ტალანტების აღმოჩენას და ხელშეწყობას.