სიმფონიური ორკესტრის ისტორია
1977 წელს საფუძველი ჩაეყარა აჭარში სიმფონიური ორკესტრის დაარსების იდეას, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საორკესტრო განყოფილების პედაგოგი და დირიჟორი ედუარდ აზნაურიანი. ერთი წლის თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ 1978 წლის ოქტომბერში შედგა პირველი კონცერტი, ხოლო ამავე წლის ნოემბერში მისი დამტკიცება, როგორც აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. ორკესტრის მთავარ დირიჟორად და სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა ქალაქ ოდესიდან მოწვეული დირიჟორი გიორგი გოცირიძე, მეორე დირიჟორად-შალვა მეგრელიშვილი.
1981–1982 წლებში ორკესტრის დირიჟორად დაინიშნა თეიმურაზ ფერაძე. 1983 წლიდან 1987 წლამდე-ტარიელ დუგლაძე. 1987 წლიდან ორკესტრის მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი დავით მუქერია, შემდგომში შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, რომელიც სათავეში ედგა ორკესტრს 25 წლის განმავლობაში. ორკესტრის ხელმძღვანელების მოწვევით ორკესტრს დირიჟორობდნენ ცნობილი მაესტროები: ჯანსუღ კახიძე, ოდისეი დიმიტრიადი, გივი და ზაზა აზმაიფარაშვილები, ავთანდილ მამაცაშვილი, რევაზ ტაკიძე, გიორგი ჟორდანია.
2003 წელს აღსანიშნავია დიდი რუსი ვიოლონჩელისტის მსტისლავ როსტროპოვიჩის სოლო კონცერტი ორკესტრის თანხლებით.
2004 წელს აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს შეუერთდა და კიდევ უფრო აქტიურად განაგრძო კლასიკური მუსიკის პროპაგანდა.
2009–2011 წლებში ორკესტრის ორ კონცერტს უდირიჟორა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ადანის სიმფონიური ორკესტრის მთავარმა დირიჟორმა გუვენ ემინ იაშლიჯამმა, ფინელმა დირიჟორმა კარი ტუკამ.
სიმფონიურ ორკესტრთან კონცერტებს მართავდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: ეთერ ანჯაფარიძე, ელისო ბოლქვაძე, ვალერიან შიუკაშვილი, ლიანა ისაკაძე, პაატა ბურჭულაძე, ბადრი მაისურაძე, ლამარა ჭყონია, ალეკო ხომერიკი, მარიამ ჯახუტაშვილი, ელენე ობრაზცოვა, მსტისლავ როსტროპოვიჩი, მაყვალა ქასრაშვილი, მანანა დოიჯაშვილი, ალექსანდრე კორსანტია და მრავალი სხვა, მათ შორის გახლდათ დირიჟორები თურქეთის, ფინეთის, იაპონიის, გერმანიის, ლიტვის რესპუბლიკებიდან.
სიმფონიური ორკესტრის ბაზაზე დაიდგა შემდეგი საოპერო სპექტაკლები: ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“, რევაზ ლაღიძის „ლელა“, ჯუზეპე ვერდის „აიდა“, „ოტელო“, „ბალ–მასკარადი“, „ტრავიატა“, პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“, ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“. შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე–9 სიმფონია, ჯუზეპე ვერდის „რექვიემი“, ვოლფგან ამადეი მოცარტის „რექვიემი“.
2010 წელს ორკესტრთან ერთად სოლო კონცერტი გამართა ახალგაზრდა ამერიკელმა პიანისტმა პეტროლოელ ალანმა. ასევე სოლო კონცერტები გამართეს მევიოლინე მარინე და ირინა იაშვილებმა. ბევრჯერ მიუღია მონაწილეობა გალა კონცერტებში სიმფონიურ ორკესტრთან ბათუმის ოპერისა და ბალეტის სოლისტებს: ალექსანდრე ხომერიკს, მარიამ ჯახუტაშვილს, ზაზა ხამათაშვილს, ირაკლი კახიძეს.
2011 წლის აგვისტოში ბათუმის ზაფხულის საერთაშორისო ფესტივალზე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მონაწილეობა მიიღეს იტალიელმა მუსიკოსებმა ვიოლონჩელისტმა ფრანჩესკო მარიოტიმ და ფლეიტისტმა ჯოვანი როზელმა. დღეს ორკესტრის დირიჟორები: დავით მუქერია, მამუკა ალაფიშვილი, ილია ინაიშვილი.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის რეპერტუარშია: ბეთჰოვენის სიმფონიები, უვერტიურები და საფორტეპიანო კონცერტები; ბეთჰოვენის ფანტაზია ფორტეპიანოს ოთხი სოლისტის, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის. მოცარტის სიმფონიები და საფორტეპიანო კონცერტები, მოცარტის რექვიემი ოთხი სოლისტის, გუნდისა და ორკესტრისათვის. მოცარტის უვერტიურები. მენდელსონის სიმფონიები, მენდელსონის სავიოლინო კონცერტი; შუბერტის სიმფონია, ჰაიდნის სიმფონიები, ”გამოსათხოვარი სიმფონია”. ჰაიდნის საფორტეპიანო კონცერტები, ბრამსის სიმფონიები, დვორჟაკის სომფონია, დვორჟაკის სლავური ცეკვები, ბრამსის უნგრული ცეკვები, დვორჟაკის ვიოლონჩელოს კონცერტი. სენ–სანსის სავიოლონჩელო კონცერტი, ჩაიკოვსკის სიმფონია, ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტი, გრიგის, შუმანის, შოპენის, ლისტის, რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტები, უვერტიურა ვებერის ოპერიდან ”ობერონი”, ვებერის საფორტეპიანო კონცერტი, შტრაუსის ვალსი, გერშვინის საფორტეპიანო კონცერტი „ცისფერი რაფსოდია“, რაველის „ბოლერო”.
საოპერო ჟანრი: ზაქარია ფალიაშვილი–„აბესალომ და ეთერი“
ზაქარია ფალიაშვილი–„დაისი“
რევაზ ლაღიძე–„ლელა“
ვიქტორ დოლიძე–„ქეთო და კოტე“
ჯუზეპე ვერდი–„აიდა“
ჯუზეპე ვერდი–„ოტელო“
ჯუზეპე ვერდი–„ბალ–მასკარაი“
ჯუზეპე ვერდი–„ტრავიატა“
პიეტრო მასკანი–„სოფლის ღირსება“
გაეტანო დონიცეტი–„ლუჩია დი ლამერმური“