ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის ისტორია
1999 წელს, აჭარის ტელევიზიასთან არსებული ბავშვთა მუსიკალური სტუდიის ,,ჩანგი”-ს ბაზაზე #158 მთავრობის დადგენილებით, შეიქმნა ბავშვთა ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, რომელშიც გაერთიანდა 120-მდე ნიჭიერი ბავშვი. თეატრის ხელმძღვანელად დაინიშნა თენგიზ შამილაძე, რომლის პროექტითაც შეიქმნა საოპერო სპექტაკლი ,,პრინცესა ტურანდოტი” კარლო გოცის ზღაპრის მოტივების მიხედვით. სპექტაკლი დადგა ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა, საქართველოს სახალხო არტისტმა, მარჯანიშვილის და რუსთაველის პრემიების ლაურეატმა - გიზო ჟორდანიამ, მთავარი ქორმაისტერი და ვოკალის პედაგოგი - მანანა ჩაუშბა, ლიბრეტოს ავტორი - გიორგი ჩიჩუა, მხატვრები: - იური გეგეშიძე და ვახტანგ ბესელია.
სპექტაკლი დიდი წარმატებით დაიდგა ბათუმში, თბილისში, მოსკოვსა და იტალიის ქალაქ მაჩერატაში.
2004 წელს, რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, სადაც გაერთიანდა ბავშვთა და მოზარდთა მუსიკალური თეატრი, რომელსაც 2008 წლიდან ეწოდება ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი.
ახალგაზრდულ მუსიკალურ თეატრში 11 სოლისტი და 45 გუნდის მსახიობია. სოლისტებისა და გუნდის მსახიობების საშუალო ასაკი 15 - დან 25 წლამდეა. თეატრის მთავარი ქორმაისტერი და ვოკალის პედაგოგი - მანანა ჩაუშბა, ქორმაისტერი - მიმოზა კილაძე, გაორკესტრების სპეციალისტი 2004 წლიდან 2011 წლამდე იყო - მინდია ხითარიშვილი, ხოლო 2011 წლიდან კი - იასონ ხომერიკი, პლასტიკის პედაგოგი - გოჩა არობელიძე, პედაგოგ ორგანიზატორი - ნანა ჩხიკვაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი - თენგიზ შამილაძე.
ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის თავისებურება ის არის, რომ მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია. თეატრი დგამს კლასიკურ ოპერებს, მიუზიკლებს და როკ-ოპერებს, ხოლო საკონცერტო რეპერტუარი შედგება ქართული და უცხოური კლასიკური, პოპ-მუსიკისა და როკ-მუსიკის შესანიშნავი ნიმუშებისაგან.
თეატრმა 2005 წლის ზაფხულში წარმოადგინა გალა-კონცერტი ,,MY WAY” - ,,ჩემი გზა”, რომლის პროგრამაში იყო კლასიკური, პოპულარული როკ-მუსიკა, ქართული და უცხოური მუსიკის ნიმუშები. ამ კონცერტმა, რომელიც თეატრის შექმნის I ეტაპზე ჩატარდა, განსაზღვრა თეატრის შემდგომი შემოქმედებითი გზა.
2006 წლის ნოემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგა შოუ-კონცერტი თეატრალური ელემენტებით, რომლის პროგრამა შედგებოდა რიშარ კოჩიანტის მიუზიკლის ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”-ს საუკეთესო ფრაგმენტებისაგან. კონცერტმა ბათუმელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
2007 წლის 14 ივლისს, თეატრმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე თბილისის მაყურებელს წარუდგინა ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”. კონცერტი მიეძღვნა საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს, რომელსაც ესწრებოდნენ საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები. კონცერტი დიდი წარმატებით ჩატარდა, თეატრმა ფრანგი სტუმრების გაოცება და მადლობა დაიმხახურა, მათთვის მოულოდნელი და გასაოცარი იყო ასეთი ახალგაზრდა მომღერლებისგან რთული მუსიკალური ნომრების შესანიშნავი შესრულება. მიუზიკლი ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” დღესაც თეატრის რეპერტუარშია.
2007 წელს, ახალგაზრდულმა თეატრმა დადგა ვინჩენცო ბელინის კლასიკური ოპერა ,,კაპულეტები და მონტეკები”. რეჟისორი - გიორგი თავაძე, დამდგმელი მხატვარი - გალაქტიონ გოგიბერიძე. საოპერო სპექტაკლმა დიდი წარმატებით ჩაიარა. მუსიკოსების აზრით, მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენდა მიუზიკლის შემდეგ საოპერო სპექტაკლის საკმაოდ მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულება.
2009 წელს, თეატრმა წარმოადგინა გალა კონცერტი, რომლის პროგრამაში იყო ფრაგმენტები პოპულარული მიუზიკლებიდან, მუსიკალური ფილმებიდან და როკ-ოპერებიდან. კონცერტში მონაწილეობდნენ ასევე თეატრის მოსამზადებელი სტუდიის წევრები, რომლებიც 6-დან 12 წლამდე ასაკის არიან.
ახალგაზრდული მუსიკალური თეატრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო 2010 წლის დეკემბრის თვეში ადგილობრივი ნიჭიერი კომპოზიტორის მინდია ხითარიშვილის მიერ სპეციალურად თეატრისთვის დაწერილი ქართული როკ-ოპერის ,,თავფარავნელის ბალადა” სცენიური განხორციელება თამაზ ჭილაძის პიესის მიხედვით. დამდგმელი რეჟისორი, მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი - გიორგი თავაძე, დამდგმელი მხატვარი - გალაქტიონ გოგიბერიძე, ლიბრეტოს ავტორი - ირმა გურიელი, პროექტის ავტორი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - თენგიზ შამილაძე.
ეს სპექტაკლი მნიშვნელოვანი კიდევ იმით იყო, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე პირველი ქართული როკ-ოპერაა, რომელიც შეიქმნა საქართველოში. სპექტაკლში 18 პერსონაჟია, რომლის პარტიებსაც წარმატებით ასრულებდნენ თეატრის სოლისტები. ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს მინიჭებული გუნდს, რომელიც ,,ქორო”-ს წარმოადგენს.
2011 წელს, მუსიკალურმა თეატრმა დადგა თეატრალიზებული კონცერტი, რომლის პროგრამაში იყო ჟერარ პრესგურვიკის მიუზიკლი ,,რომეო და ჯულიეტა”. ეს იყო ექსპერიმენტული კონცერტი, რომელიც შესრულდა ცოცხალი ბენდის თანხლებით. ასეთ ექსპერიმენტს ბათუმელი მაყურებელი დიდი აღტაცებით შეხვდა.
2012 წლის ივლისის თვეში, დაიდგა თეატრალიზებული კონცერტის სახით ენდრიუ ლოიდ უებერის როკ-ოპერა ,,იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი”. დამდგმელი რეჟისორი - ზაზა სიხარულიძე, დამდგმელი მხატვარი - ვახტანგ ბესელია, კოსტიუმების მხატვარი - ანა კალატოზიშვილი. ეს თანამედროვე მუსიკის შედევრი თეატრის დასმა წარმატებით დაძლია, დიდი მოწონება და აღფრთოვანება გამოიწვია ბათუმის ყველა ასაკის მაყურებელში. თეატრს ამ როკ-ოპერით ჰქონდა გასტროლი ქალაქ ერევანში, სადაც სომეხი მაყურებელი გაოცებული იყო ახალგაზრდა მსახიობების თამაშით, რთული პარტიების შესრულებით, ასევე დიდი წარმატება ხვდა რეჟისორის ორიგინალურ გადაწყვეტას.
2013 წლის 24 თებერვალს, ენდრიუ ლოიდ უებერის როკ-ოპერა ,,იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი”-ს ჩვენება მოეწყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბატონ გურამ ოდიშარიას, მინისტრის მოადგილეების: - მარინა მიზანდარის, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკის, გიორგი გეგეჭკორის, თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის მმართველის - ნიკოლოზ სვენტიცკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის - ქეთევან მანელიშვილის, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარის - გიორგი მასალკინისა და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის - აკაკი ძნელაძისათვის. ჩვენებას ესწრებოდნენ ბათუმის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და საჯარო სკოლების მოსწავლე ახალგაზრდობა.
როკ-ოპერის ჩვენება წარმატებით ჩატარდა. აღინიშნა ახალგაზრდა დასისა და დამდგმელი ჯგუფის შემოქმედებითი მიღწევები, დაისახა შემდგომი პერსპექტივები.
ამჟამად თეატრი მუშაობს ახალ რეპერტუარზე